ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს, 13 მარტს მიღებული ვაქცინის დოზებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვაქცინაციის მსურველ სამედიცინო პერსონალს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირება დღეს საღამოდან შეუძლია.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო.
"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას - კოვიდ პანდემიას".- თქვა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს თქვა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში დამატებითი პარტია შემოვა.
თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე.
მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის.