logo
ENG



ტიკარაძე: არ მქონია ღარიბაშვილთან დაპირისპირება, თავად მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება

10 დეკ 202121:26
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: არ მქონია ღარიბაშვილთან დაპირისპირება, თავად მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მასსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო, რაზეც დიდ ხანს ფიქრობდა.

"მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც მე პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა, მაინც დარჩა გარკვეული ღია კითხვები, რაც შემდეგ გახდა უკვე სკანდალის ძებნის საფუძველი. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ვეძებოთ ახლა სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება. მსგავსი არ მომხდარა და შეიძლება იყოს სრულიად მედია და საზოგადოება მშვიდად.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც, მე საკმაოდ დიდი ხანია ვფიქრობდი. ვინაიდან, ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანი, როდესაც სამი წელი არის ერთ ადგილზე, მნიშნველოვანია ამ დარგის და ადგილის განვითარებისთვის მოხდეს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, გამომდინარე პანდემიიდან, ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების შუაში მიტოვება, მნიშნველოვანი იყო მათი დასრულება, რასაც წარმოადგენს ის პრეზენტაციები, რომელთაც ჩვენ ჩვენი სიპების მეშვეობით წარვუდგენთ საზოგადოებას და მნიშნველოვანია მე ამ პრეზენტაციებს ვესწრებოდე, როგორც საჯარო მოხელეს, ამის პასუხისმგებლობა მაკისრია.

რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, როგორც გუშინ, ასევე, პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი არის ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით და ახალი ბიუჯეტი მართოს იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ უკვე მართავს როგორც პანდემიას, ასევე დანარჩენ მიმართულებას და მნიშნველოვანია, რომ მას ჰქონდეს სრული თავისუფლება გადაწყვეტილებებში.

არა მე არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, [პრემიერთან დაპირსიპირებას] არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს როგორც სკანდალი, ან როგორც დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი, დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა, ჩვენ ერთად ვიქნებით ისევ პოლიტსაბჭოში, გვექნება თანამშრომლური ურთიერთობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც." - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა