logo
ENG



ტიკარაძე: გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, აღსრულდეს საზ. ტრანსპორტში მწვანე საშვი

02 დეკ 202123:34
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, აღსრულდეს საზ. ტრანსპორტში მწვანე საშვი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ "ინტენსიურად" მუშაობენ, როგორ შეიძლება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე პასპორტი აღსრულდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე,"ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია":

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება რეგულაცია დაწესდეს რეგულაციისთვის. თითოელი რეგულაცია უნდა იყოს აღსრულებადი... ამიტომ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება რეგულაცია", – განაცხადა მან.

მინისტრის თქმითვე, ვინაიდან საქართველოში არ არის დაფიქსირებული ახალი შტამი, "სწორი" არ იქნება 7 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მწვანე პასპორტის დაწესებულებების ნუსხის გაზრდაზე ისაუბრონ.

"არაა შემთხვევითი იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდ საშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდ საშვის მოქმედების მექანიზმს, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე", - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი, ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი. 

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.


close დახურვა