logo
ENG



ტიკარაძე: თუ გახსნა არ იქნება გონივრული, ჯანდაცვის სისტემაში იქნება კოლაფსი

16 დეკ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: თუ გახსნა არ იქნება გონივრული, ჯანდაცვის სისტემაში იქნება კოლაფსი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები მკაცრი არ არის. ტიკარაძეს ამის მაგალითად თბილისში ავტომანქანების მოძრაობას ასახელებს.

როგორც იმედის ეთერში ტიკარაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია. 

"ამ ეტაპზე, გვაქვს საფუძველი ვისაუბროთ  მხოლო და მხოლოდ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სტაბილიზაციის შენარჩუნება ხანგრძლივ ჭრილში მოხდეს. დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მოლოდინი იმის, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება სტაბილურად, არ გვაქვს. ვინაიდან, თუ ჩვენ დავაკვირდებით ქალაქში მოძრაობას, დავინახავთ, რომ ის შეზღუდვები, რომელიც შემოღებულია, ნამდვილად არ არის მკაცრი", - აცხადებს ტიკარაძე.

მისი თქმით, თუ შეზღუდვების მოხსნა გონივრული არ იქნება და მოსახლეობა რეგულაციებს არ შეასრულებს, მოხდება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.  

"ევროპაში გადადიან სასტიკად მკაცრ შეზღუდვებზე და სრულაიდ შეჩერებულია მოძრაობა. თუ ჩვენ გონივრულად არ შევამსუბუქებთ შეზღუდვებს გვექნება 4 000 ინფიცირებულის გეომეტრიული ზრდა, რომელიც ჩვენ, საბოლოოდ, სულ რამდენიმე კვირაში მოგვცემს 15 000-დან 20 000-მდე ინფიცირებულს, რაც  ჯანდაცვის სისტემისთვის რთულად გასაძლები იქნება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გახსნა არ იქნება გონივრული და არ გავითვალისწინებთ იმას თუ რამდენად შევძლებთ დატოვებული რეგულირებების მაღალი ხარისხით აღსრულებას, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაში იქნება სრული კოლაფსი", - აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 000-მდე ინფიცირებულს. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 198 387-ს შეადგენს. აქედან 167 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 922 გარდაიცვალა.


close დახურვა