ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 95%, რომლებიც ჰოსპიტლებში გადიან მკურნალობას, ვაქცინის არცერთი დოზით არ იყვნენ აცრილი.
როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ 1 დოზით აცრილებიდან კლინიკაში მხოლოდ 2.85% მოხვდა, 2 დოზით აცრილებიდან კი 2.13%.
მინისტრი ამბობს, რომ კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და მოქალაქეებს სთხოვს, აიცრან.
"იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა. ვინაიდან უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობა მოქალაქეების არის აცრილი, მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი.
გამოიკვეთა, რომ 1 დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2.85%, ხოლო 2 დოზით აცრილი პაციენტების 2.13%. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა, არცერთი დოზა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინა კოვიდპანდემიის მართვაში. მე ვთხოვ კიდევ ერთხელ მოქალაქეებს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
დღეს, 17 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი.
NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 083 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 831 815 ადამიანია აცრილი, მათგან 245 207 ორჯერადად.