ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში არ აქვს ნანახი დასკვნა, რომელშიც ეწერებოდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
ფორმულას კითხვებზე პასუხად ტიკარაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაში უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, რომელსაც თანამშრომლებიც გაეცნობიან. რაც შეეხება, საავადმყოფოს ადგილმდებარეობას, ტიკარაძე ამბობს, რომ ეს "საუკეთესო ადგილია".
"ის საუკეთესო ადგილზეა როგორც სერვისების ხელმისაწვდომობის საჭიროების კუთხით მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებაში სტუდენტებისთვის. 2013-2015 წლებშიც იყო საუბარი დემონტაჟზე- თუმცა მაშინაც არასაკმარისი საფუძვლების და მტკიცებულებების გამო შეჩერდა ამაზე საუბარი. მჯერა, რომ ახლაც მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს როლი ქართულ მედიცინაში ძალიან დიდია - ის ქართული სამედიცინო საზოგადოების ე.წ. აკვანია", - თქვა ტიკარაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.