ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლი გაიშლება.
"საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, იმისთვის, რომ მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდმართვის პირობებში", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს. მისივე თქმით, "მაქსიმალურად ეცდებიან, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება".
"საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც უბრალოდ საქართველო დღეს უკვე მზად არის", - განაცხადა მინისტრმა.
დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი გუშინ, 15 აგვისტოს მოეწყო.