„საჩხერის საავადმყოფოში უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკის ექიმის ინფიცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფიცირების ფაქტის გამოვლენა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინების სწრაფი გამოყენების შედეგად მოხდა და ამისთვის კლინიკის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.
„საჩხერის საავადმყოფო, ისევე როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეებიდან არიან ჩართული კოვიდ ინფექციის მართვაში. ის თავიდან გამოყენებული იყო როგორც საკარანტინე ზონა და შემდეგ უკვე ჩაერთო მართვაში სტაციონარიც. საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი უსაფრთხოების აღჭურვილობის. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს, რაც აღმოჩნდა იმ შედეგის მომცემი, რომ ჩვენ პირველივე ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება მედპერსონალში და ასევე მოსახლეობაში“, - განაცხადა მინისტრმა.