logo
ENG



ტიკარაძე:ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან გადმოფრინდებიან თურქეთში

31 იან 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

უხანის პროვინციიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოიყვანენ. თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავი უკვე აფრენილია. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. საბჭოს წევრების თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მზადაა და მომავალი კვირიდან ვირუსის სინჯის რეაგენტიც გვექნება, რაც მის გამოკვლევასა და დიაგნოზის დადგენაში დაგვეხმარება. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი ინფორმაცია საერთაშორისო აეროპორტებიდან.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან გახლავთ ის, რომ  თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით აფრინდა. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს ევაკუაციის შესახებ თანხმობა, ისინი გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში გაივლიან იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხითაა დადგენილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები საერთაშორისო აეროპორტებიდან იმ მგზავრების შესახებ თუ რომელი მგზავრი რომელ ლოკაციაზე იწყებს მოძრაობას. აქედან გამომდინარე, ლოკაციების მიხედვით ვახდენთ წინასწარ პრევენციას. გარდა ამისა თბილისის აეროპორტს თბოკამერა გააჩნია და ხდება იმ მგზავრების შერჩევითი მონიტორინგი, რომელშიც რისკები გმაოიკვეთება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, საფრანგეთი და თურქეთი საკუთარი მოქალაქეების კარანტინის ზონიდან გამოყვანის დროს საქართველოს მოქალაქეებსაც გამოიყვანს.

„გვაქვს საფრანგეთისგან და თურქეთის რესპუბლიკისგან თანხმობა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება თავიანთი მოქალაქეების გამოყვანა კარანტინის ზონიდან, ჩვენს მოქალაქეებსაც გამოიყვანენ. შესაბამისად, გვაქვს პირველადი თანხმობა, რომ თავიანთ ქვეყნებში კარანტინსაც გაატარებენ. იქ კიდევ არიან ქართველები სხვა ქალაქებში. საელჩო ბოლო სამი დღის განმავლობაში უკავშირდება მათ და აფრთხილებს, რომ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს რეისებს და ხვალ და ზეგ შესაძლოა, წამოსვლის შესაძლებლობა აღარ იყოს და გაითვალისწინონ“, - აცხადებს ღვთისიაშვილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალეკო გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საქართველოში მყოფი ავიაკომპანიები მგზავრების იდენტიფიცირებას ახდენენ.

„ეთხოვათ საქართველოში მფრენ ავიაკომპანიებს, რომ მოახდინონ მგზავრების იდენტიფიცირება მათი საწყისი პუნქტიდან გამომდინარე და შესაბამის უწყებებს აწვდიან ინფორმაციას იმ მგზავრების შესახებ, რომელთა გამომგზავრების საწყისი პუნქტი იყო ჩინეთი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კი მოქალაქეებს მოუწოდა ხელები ხშირად დაიბანონ და ხშირად გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან.

„საზოგადოებისთვის რეკომენდაციაა, რომ ხშირად გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან. ხელი დაიბანონ სადინზიფექციო საშუალებით. პირბადე იქონიონ სხვასთან კომუნიკაციის დროს თუ აქვს დრო. თუ მათ ტურისტული მიზნით უნდათ მოგზაურობა, თავი შეიკავონ დროებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოს ერთ მოქალაქეს ამოწმებენ, რომელიც უხანიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს უკვე შეამოწმეს 2 არასრულწლოვანი ჩინეთის მოქალაქე, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ მათ A ტიპის გრიპი დაუდგინდათ. აღსანიშნავია, რომ დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია მიუღებელია. 

31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 


close დახურვა