logo
ENG



ტიკარაძე არჩევნებზე: გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები

27 აგვ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე არჩევნებზე: გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება, თუ ცესკო, პარტიები და მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

როგორც მან თქვა, არჩევნებზე გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები.

"ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება", - ამბობს ტიკარაძე.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ოქტომბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უნდა შემცირდეს.

"იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება", - თქვა ტიკარაძემ.

არჩევნების გადადების ინიციატივით პირველად სახალხო დამცველი გამოვიდა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც. 

ქართულ ოცნებაში არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წააგებს. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.


close დახურვა