ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა საკითხზე გაიმართება შეხვედრა. თუმცა, საუბარი, სავარაუდოდ, ვაქცინაციას შეეხება. მათი ცნობით, მინისტრი საპატრიარქოში 14:00 საათზე მივა.
16 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდლმთავრებს ვაქცინაციის პროცესში დახმარება და "გვერდში დადგომა" სთხოვა. მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია".
ამასთან დაკავშირებით გუშინ, 17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში. მისივე განცხადებით, ეკლესია სინოდის 11 თებერვლის განჩინებით ხელმძღვანელობს.