ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ანტივაქსერი არაა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთა.
"მინდა განვაცხადო, რომ, ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე", - თქვა ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც იმუნიზაციის შესახებ განცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკეს. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება.
"ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ მოსახლეობას ამისთვის ხელმისაწვდომობა აქვს", - აღნიშნა მინისტრმა.