უკრაინის პრეზიდენტის ოფისის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან უკვე 1 534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, ხარკივის რეგიონში 483 დასახლებაა დეოკუპირებული. ამასთან, ტიმოშენკო ამბობს, რომ დღეისთვის 502 დასახლებული პუნქტი განაღმულია.
ტიმოშენკოს თქმით, ეროვნულმა პოლიციამ 1 200 დასახლებაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი 1 508 დასახლებაში განაახლა მუშაობა, ასევე მოეწყო 1 445 ჰუმანიტარული შტაბი.
რაც შეეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ტიმოშენკოს თქმით, გაზმომარაგება - 1 026, ელექტრომომარაგება - 976, წყალმომარაგება და კანალიზაცია - 966, მობილური კავშირგაბმულობა კი 950 დასახლებაშია აღდგენილი.
4 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ხერსონის ოლქის ახლად გათავისუფლებული დასახლებების ვიდეოები გამოჩნდა. უკრაინელი დამცველები აცხადებენ, რომ გაათავისუფლეს დავიდოვ ბროდი, სტაროსელიე, არხანგელსკი, ბოლშაია ალექსანდროვკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქში ინტენსიურ ბრძოლაში არიან ჩართული და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარ პოზიციებს ამყარებენ. უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით ფრონტის გარღვევაც შეძლეს.
ხერსონის ნაწილში მარცხი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა. უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის გარღვევა შეძლეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ რუსმა სამხედროებმა მანამდე მომზადებულ ტერიტორიებზე განლაგება მოასწრეს და კონკრეტული მიმართულებებით უკრაინელების იერიშის მოგერიება შეძლეს.