logo
ENG



ტოკიოში სინძო აბეს ემშვიდობებიან

12 ივლ 202209:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/m3cnab8idsv3uqf.jpg

ტოკიოში იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრს ემშვიდობებიან. 67 წლის სინძო აბეს იაპონიის სამხრეთით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას ესროლეს.

პანაშვიდი ტოკიოს ერთ-ერთ ტაძარში, ვიწრო წრეში მიმდინარეობს და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან.

ტაძრის გარშემო ხალხია შეკრებილი, რომელთა ნაწილს ყვავილები მიაქვს და პატივს მიაგებენ ყოფილ ლიდერს.

დაკრძალვის პროცესის ფარგლებში აბეს ცხედარს ტოკიოს ქუჩებში მიასვენებენ. მოსალოდნელია, რომ პროცესია ჩაივლის პარლამენტის შენობასთან, სადაც აბე 1993 წელს პირველად შევიდა დეპუტატის რანგში, ასევე, ოფისთან, სადაც ის პრემიერმინისტრობის დროს მუშაობდა.

იაპონიის ისტორიაში სინძო აბე ყველაზე დიდხანს იყო პრემიერმინისტრი. გარდა ამისა, ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა.

აბე პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში კანდიდატის მხარდასაჭერად სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას ორჯერ ესროლეს. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა აბეს ესროლა რელიგიურ ჯგუფთან უთანხმოების გამო, რომლის წევრიც, მისი მტკიცებით, ყოფილი პრემიერმინისტრი იყო.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 41 წლის ტეცუია იამაგამი ხელნაკეთი იარაღიდან ისვრის. თავდასხმისას სინძო აბემ ორი ჭრილობა მიიღო ყელისა და გულის არეში. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ის გონზე იყო რამდენიმე წუთის განმავლობაში, თუმცა ექიმების თქმით, კლინიკაში მიყვანისას მას სასიცოცხლო ნიშნები აღარ ჰქონდა.

პოლიცია ამ დრომდე არკვევს, რა მოტივები ჰქონდა თავდამსხმელს და მოქმედებდა თუ არა ის მარტო.


close დახურვა