logo
ENG



ტრამპი: ერთადერთი რაც ჩავიდინე ისაა, რომ უშიშრად ვიცავ აშშ-ს მათგან, ვისაც განადგურება სურს

05 აპრ 202308:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/jkelz7jk66lczaz.jpg
Evan Vucci/AP

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალნდ ტრამპმა ფლორიდაში ჩასვლის შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაგმო.

ტრამპის თქმით, მისი ერთადერთი "დანაშაული", ქვეყნის "უშიშრად დაცვაა".

ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდის ქალაქ მარ-ა-ლაგოში ისაუბრა, სადაც ნიუ იორკიდან სასამართლო პროცესის შემდეგ ჩაფრინდა.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო, ასეთი რამ მომხდარიყო ამერიკაში. ერთადერთი რაც მე ჩავიდინე ისაა, რომ უშიშრად ვიცავდი ჩვენს ქვეყანას მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ." - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, გაჩუმების მოტივით მოსყიდვის საქმის აღძვრის მიზანი 2024 წლის არჩევნებში მისთვის ხელშეშლაა.

"ეს ყალბი საქმე მხოლოდ იმისთვის წამოიწყეს, რომ ხელი შეუშალონ მომავალ 2024 წლის არჩევნებს. და ეს [საქმე] მყისიერად უნდა გაუქმდეს" - განაცხადა ტრამპმა.

გამოსვლისას ტრამპმა კვლავ უარყო მის წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ დანაშაული არ არსებობს. 

"როგორც აღმოჩნდა, ფაქტობრივად ყველა, ვინც ნახა ეს საქმე, მაშ შორის ე.წ რესპუბლიკელები (RINOs) და მტკიცე დემოკრატები, ამბობენ, რომ დანაშაული არ არსებობს და რომ ეს არ უნდა დაწყებულიყო" - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მომდევნო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა

სასამართლოში მისული დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს. ის მომავალ სასამართლო სხდომაზე დაკავებული იქნება. 

დაკავების დროს ტრამპს არ დაადეს ხელბორკილები, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი.

გამოცემა წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება საბუთების გაყალბებაშიც.

76 წლის დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. ისტორიული პროცესი ეხება გაჩუმებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავს გადაუხადეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპთან წარსულში სექსი ჰქონდა. კერძოდ საუბარია, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ტრამპი ყველა ბრალდებას და დენიელსთან რაიმე კავშირს უარყოფს.

შეთანხმებები საიდუმლო გადახდების შესახებ არალეგალური არაა, თუმცა მანჰეტენის პროკურორი იძიებს, გადახდასთან დაკავშირებული საქმიანი ჩანაწერები ხომ არ იყო ფალსიფიცირებული.


close დახურვა