აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გავრცელებულ პოსტში რუსეთ-უკრაინის ომს „სირცხვილი“ უწოდა და ყურადღება რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე გაამახვილა. ტრამპის მტკიცებით, რუსეთმა „საუბედუროდ, დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე“, რადგან ქვეყანაში მრავალი ქარხანა აფეთქებულია ან დროებით მწყობრიდანაა გამოსული.
2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ინტენსიური იერიშები მიიტანეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და სატრანსპორტო მარშრუტებზე. ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც საექსპორტო პოტენციალს, ისე რუსეთის შიდა ბაზარს.
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ შიდა ბაზარი სრულად არის უზრუნველყოფილი დიზელითა და საავიაციო საწვავით, ექსპერტები საავტომობილო ბენზინისა და დიზელის გარკვეულ დეფიციტსა და ფასების ზრდაზე მიუთითებენ.
დასავლური მედიის ცნობით, აშშ ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს და ორივე მხარეს ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტა მოსთხოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი მზადაა დეესკალაციისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულად შეწყვეტს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკის სექტორსა და სურსათის ექსპორტის მარშრუტებზე. ზელენსკის თქმით, უკრაინა პირველივე წუთიდან მიისწრაფვის სამართლიანი მშვიდობისკენ და ამ საკითხს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან პირადადაც განიხილავს.
დიზელის საწვავის გლობალურმა გაძვირებამ და ენერგოკრიზისმა დიდი წნეხი შექმნა აშშ-ის შიდა პოლიტიკურ ველზეც. დონალდ ტრამპის განცხადებით, დიზელზე მსოფლიო ფასების ზრდა უმეტესად რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.
საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკელ მომხმარებლებზე, რაც, პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია 2026 წლის ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. რესპუბლიკური პარტიისთვის ჰაერივით აუცილებელია უმრავლესობის შენარჩუნება, რაშიც ეკონომიკური სტაბილურობა და საწვავის ფასები გადამწყვეტ როლს თამაშობს.
