აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ს, Facebook-ს, Google-სა და მათ ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივლა. ტრამპი ამტკიცებს, რომ კომპანიები კონსერვატიულ იდეებს უკანონოდ ახშობენ.
მაიამის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების გიგანტებმა სიტყვის თავისუფლების უფლება დაარღვიეს, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა გარანტირებული.
ყოფილი პრეზიდენტი კოლექტიური სარჩელის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, რაც ნიშნავს, რომ ის Twitter-ის, Facebook-ისა და Google YouTube-ის სხვა მომხმარებლების ინტერესების წარმომადგენელი იქნება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პლატფორმებმა მათ გაჩუმება აიძულეს.
ტრამპმა სამი ანალოგიური სარჩელი შეიტანა — პირველი Facebook-სა და მისი ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ, მეორე Twitter-ისა და მისი გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის წინააღმდეგ, ხოლო მესამე Google-სა და მის გენერალურ დირექტორს, სუნდარ პიჩაის ეხება.
"ჩვენ ამერიკული თავისუფლებისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ისტორიულ გამარჯვებას მივაღწევთ", — განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე. სოციალური ქსელების წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურის ჩაშლა სცადეს. ამ დღეს ტრამპმა ასობით მხარდამჭერს მიმართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმების გადათვლამ და სასამართლო გადაწყვეტილებებმა მისი ვარაუდები ვერ გაამტკიცა.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებენ და ამბობენ, რომ სწორედ მან უბიძგა მხარდამჭერებს შევარდნილიყვნენ კაპიტოლიუმში. ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე რესპუბლიკელი თანაპარტიელი და მინისტრიც გაემიჯნა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დემოკრატიულმა პარტიამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ის აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.