logo
ENG



ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

17 ივლ 202613:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/17/mt3czrgh8kvc7iz.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აშშ-ის საარჩევნო სისტემის სისუსტეზე, ხმების გაყალბების სიმარტივეზე და 2020 წელს ჩინეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა. 

ტრამპის თანახმად, სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც გასაჯაროვდება, მიუთითებენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი ატარებდა სადაზვერვო ოპერაციას და სხვადასხვა გზით მოიპოვა წვდომა 220 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის პირად მონაცემებზე, რომლებიც გამოიყენა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მცდელობისთვის.

ჩინეთის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალდება, სადაც ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ დამარხცდა, სხვადასხვა კვლევის შედეგად გაბათილდა. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა 2021 წელს გასაჯაროებულ ანგარიშში დაასკვნეს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა, არ მოეხდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაფუჭების შიშით. ეს დასკვნა გამეორებული იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებშიც.

დემოკრატმა კონგრესმენებმა ტრამპი დაადანაშაულეს ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომ რესპუბლიკელების კონგრესზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, შედეგები სადავოდ აქციოს.

ტრამპის გამოსვლის შემდეგ, 24-მა დემოკრატმა გუბერნატორმა გამოაქვეყნა განცხადება:

„უკიდურესად საგანგაშოა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას. ვერანაირი ტყუილი და შეთქმულების თეორია ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევნები მრავალჯერ დადასტურდა, როგორც უსაფრთხო და დაცული. ეს თავდასხმები მიზნად ისახავს ამომრჩეველთა დაშინებასა და გაჩუმებას. 

დემოკრატი გუბერნატორები მზად არიან შეებრძოლონ ტრამპის ადმინისტრაციას და შეაჩერონ ნებისმიერი და ყველა უკანონო თავდასხმა თითოეული ამერიკელის კონსტიტუციურ უფლებაზე, მისცეს ხმა“.

დემოკრატები ვარაუდობენ, რომ ტრამპი არჩევნების უსაფრთხოების და თავისუფლების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს საკუთარი კანონპროეტქი SAVE America Act კონგრესს მიაღებინოს. 

კანონპროექტის შედეგად, ამომრჩვლები იძულებულნი იქნებიან არჩევნებზე წარადგინონ მთავრობის მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. ასევე აიკრძალება ელექტრონული გზით ხმის მიცემა, გარდა ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, სამხედრო სამსახურის ან მოგზაურობის შემთხვევებისა. 

ბრენანის იუსტიციის ცენტრისა და მერილენდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით 21 მილიონ ამერიკელს არ აქვს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელმისაწვდომი, ხოლო 2,6 მილიონს არ გააჩნია მთავრობის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი არანაირი მოწმობა. რესპუბლიკელებიც კი არ უჭერენ მხარს ერთხმად ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვას, რადგან ეს მეთოდი პოპულარულია აშშ-ის ბევრ წითელ შტატში.

კანონპროექტის ფარგლებში, არჩევნებში ხმის მიცემისას შეიძლება პრობლემები შეექმნათ მოქალაქეებს, ვინც ქორწინების ან სხვადასხვა მიზეზების შედეგად სახელი შეიცვალეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულმა მედია წყაროებმა, ABC, NBC, და CNN მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრამპის გამოსვლა ეთერში არ გაეშვათ. მათი განცხადებით, ეს პრეზიდენტის მიერ აქამდეც ხშირად გამოყენებული ცრუ ფაქტების საფუძველზე მოხდა. 

თეთრი სახლის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ მაუწყებლები, რომლებმაც გამოსვლა არ გაუშვეს ეთერში, არიან „მშიშრები“ და „არ სურთ, რომ სიმართლე მოისმინონ“. ტრამპმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიები, რომლებმაც მისი სიტყვით გამოსვლა ეთერში არ გაუშვეს, “შეთქმულების” მონაწილეები არიან და მათ ლიცენზიები უნდა ჩამოერთევათ. 

CNN-მა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლის დაწყებიდან მალევე, ტრამპმა გააკეთა ყალბი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მან ბოლო 48 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ინფლაცია ჩაიბარა და რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყანაში 11 000-ზე მეტი მკვლელი შემოუშვა - არცერთი ეს მტკიცება არ შეესაბამება სიმართლეს.

CBS-მა შეწყვიტა თავისი ჩვეული პროგრამა პრეზიდენტის გამოსვლის გასაშუქებლად, მაგრამ ტრანსლაციის დაწყებამდე, წამყვანმა ტონი დოკუპილმა გააფრთხილა მაყურებელი, რომ „იმის დიდი ნაწილი, რაც პრეზიდენტს ამ თემაზე უთქვამს, სიცრუეა“. მან განაცხადა, რომ არხი გამოსვლას პირდაპირ ეთერში უშვებდა იმიტომ, რომ მაუწყებლის პასუხისმგებლობაა ახალი ამბების გაშუქება.

 


close დახურვა