logo
ENG



ტრამპის თქმით, მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს

06 მარ 202400:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/mtsw8fvfxrh2rh2.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ში მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს. ეს განცხადება მან Fox News-ის ეთერში გააკეთა, სადაც დილის პროგრამის ერთ-ერთ გადაცემაში დარეკა და მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, ნიკი ჰეილი გააკრიტიკა. 

BBC წერს, რომ ნიკი ჰეილიმ არაერთხელ თქვა, რომ საუკეთესო კანდიდატია, რომელსაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დამარცხება შეუძლია და არგუმენტად გამოკითხვის შედეგები მოჰყავდა. ამ გამოკითხვას Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა "ტყუილი" უწოდა.

"მან იცის, რომ ეს ტყუილია... ის ბაიდენთან გამოკითხვებში მარცხდება. [...] ამას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გავიმარჯვებთ ყველა შტატში", - აღნიშნა ტრამპმა.

4 მარტს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაერო-ში ყოფილმა ელჩმა, სამხრეთ კოლონიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ გაიმარჯვა. ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. ეს შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.


close დახურვა