დონალდ ტრამპის განცხადებით, 17 ივნისს ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი გაბათილებულია. ამის შესახებ მან ანკარაში, ნატოს სამიტზე ისაუბრა.
"აღარ მსურს მათთან საქმის დაჭერა, ისინი ნაძირლები არიან, ისინი ავადმყოფი ხალხია, მათ სათავეშიც ავადმყოფები უდგანან... რაც მე ეხება, ყველაფერი დასრულებულია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას „მატყუარა და თაღლითი“ უწოდა და დასძინა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დიპლომატიურ კორპუსს მიანდობს. ტრამპის თქმით, მას აღარ სურს მათთან საქმის დაჭერა, ვინაიდან თეირანთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა გასულ ღამეს „ძალიან ძლიერი შეტევა განახორციელეს“.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკისა და ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ურთიერთგაგების შეთანხმება ძალა დაუკარგა. ირანის საგარეო უწყება „დაძაბულობის ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობას“ სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს.
ამავდროულად, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ-ის საპასუხოდ საჰაერო იერიში მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე, რის გამოც ორივე ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ეს ორმხრივი დარტყმები ყველაზე მწვავე კრიზისია მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმს კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.
ეს ესკალაცია მოჰყვა აშშ-ის მიერ სანქციების აღდგენასა და ირანზე თავდასხმას, რაც ვაშინგტონმა სრუტეში სამ კომერციულ გემზე (მათ შორის, კატარის გაზის ტანკერზე) თეირანის თავდასხმით ახსნა.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის ქმედებებს „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სახიფათო დარღვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკული დარტყმები სამოქალაქო ეკიპაჟების დასაცავად განხორციელდა.
