შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.
პროტოკოლის მიხედვით, პირველ ფაზაში მუშაობის განახლება კინოთეატრებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებსა და სალოცავ ადგილებს შეეძლებათ. ეს იმ შემთხვევაში თუ ისინი ფიზიკური დისტანცირებისა და სანიტარულ წესებს დაიცავენ.
რაც შეეხება მეორე ფაზას, თუ შემთხვევების მატება არ დაფიქსირდება, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს უფლება მიეცემათ შეზღუდულად იურთიერთონ სხვებთან. მესამე ფაზა დამსაქმებლებს ნორმალური ოპერირების უფლებას რთავს. სამეტაპიანი გეგმა სკოლებისა და ბაღების გახსნას ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმის განხორციელების ეტაპები თითოეული შტატის გუბერნატორზე იქნება დამოკიდებული. ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ გასული დღე-ღამის განმავლობაში ორი ათასს გადააჭარბა.