დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში" შეიძლება მოიხსნას. ამის შესახებ ტრასმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ლიზ ტრასის თქმით, რუსული ბანკების, კომპანიებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები ძლიერი ბერკეტია, რომელიც დასავლეთს 2014 წელს არ გამოუყენებია. სანქციების მოხსნისთვის კი, ტრასის თქმით, საჭიროა გარანტიები პუტინისგან, რომ მომავალში სამხედრო აგრესიისგან თავს შეიკავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს მყისიერად და განმეორებითად დაუწესდება სანქციები.
„მეტი უნდა გაგვეკეთებინა 2014-ში პუტინის შესაჩერებლად. და ახლა ამ სიტუაციის წინაშე იმიტომ ვართ, რომ არა მხოლოდ ბრიტანეთმა, მთელმა ევროპამ და მთელმა თავისუფალმა სამყარომ არ გააკეტა საკმარისი პუტინის შესაჩერებლად.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა მრავალ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლებსაც უბრალოდ არ იცავს. ამიტომ საჭიროა უფრო ძლიერი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მძიმე ბერკეტია.
ეს სანქციები მხოლოდ ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ჯარების გაყვანასთან ერთად უნდა მოიხსნას, ასევე იმ ვალდებულების აღების შემთხვევაში რომ აღარ იქნება დამატებით აგრესია მომავალში. ესაა ნამდვილი ბერკეტი რომლის გამოყენებაც ვფიქრობ შესაძლებელია. ეს 2014 წელს არ გამოგვიყენებია“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში ლიზ ტრასმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა ოფისმა შექმნა სპეციალური "მოლაპარაკებების ორგანო" მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკეებში დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის საგარეო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც განაცხადა, რომ რუსეთზე ამერიკის დაწესებული სანქციები არაა მუდმივი და შესაძლოა, იმ შემთხვევაში მოიხსნას, თუ მოსკოვი მოქმედებებს შეცვლის.
ბლინკენის თქმით, იმისთვის რომ სანქციები გაუქმდეს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და ეს უნდა იყოს „არსებითი და შეუქცევადი, რათა რუსეთმა ზუსტად იგივე 1, 2 ან 3 წელში არ გაიმეოროს“.