რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ტუვას რესპუბლიკის ლიდერის თქმით, რეგიონში მობილიზაციისას გაწვეული მოქალაქეების არასრულწლოვან შვილებს 5 000 რუბლს მისცემენ, ოჯახებს კი საკვებს, ერთ სულ წვრილფეხა პირუტყვსა და ქვანახშირს ან შეშას გადასცემენ.
ინფორმაცია ტუვას რესპუბლიკის ოფიციალური ვებ-გვერდზე ვრცელდება.
სოფლის მეურნეობისა და საკვების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოჯახებს 1 სულ ცხვარს, 50 კგ ფქვილს, კარტოფილისა და კომბოსტოს 2 შეკვრას გადასცემს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით ფერმების მფლობელებს ვისაც სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 1 ტონა შვრიასაც გადასცემენ.
განცხადების მიხედვით, ამ მხარდაჭერის გადანაწილებას მობილიზებული მოქალაქეების ოჯახების დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანო იქნება.
ტუვას ლიდერმა ვლადისლავ ხოვალიგმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ოჯახებმა ეს დახმარება მანამ მიიღონ, სანამ მათი ნათესავები სამხედრო მსახურებისთვის საცხოვრებელს დატოვებენ, „რათა იგრძნონ მხარდაჭერა და იმ გრძნობით დატოვონ სახლი, რომ მათი ოჯახები დაცულნი არიან და უყურადღებოდ არ დარჩებიან“.
ტუვას ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გაწვეულების ოჯახების სიის შედგენა და მათთვის პრიორიტეტული საჭიროებების დადგენა. ასევე პროდუქტების მობილიზებასა და მიწოდების გზების შემუშავებაზე მუშაობენ.
ტუვას რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, რომელიც რუსეთის სამხრეთ ნაწილში, მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. 2018 წლის მონაცემებით ტუვას მოსახლეობა 320 000 ადამიანს შეადგენს.