logo
ENG



ტურავა: ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო

03 ოქტ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომაზე ამბობს, რომ პრეზიდენტს "გადაადგილება არ უჭირს" და შეეძლო, სხდომაზე მისულიყო.

"ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად. საოქმო ჩანაწერში, რომელიც გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში", - განაცხადა მან.

მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, შეხვდნენ თუ არა ისინი სალომე ზურაბიშვილს სხდომამდე და გაეცნენ თუ არა საქმეს სამართლებრივი დეტალების მიღმა. როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, ისინი არსებითი განხილვის ფარგლებში პრეზიდენტის ინტერესებს სრულად წარმოადგენენ.

"საკონსტიტუციო სასამართლომ როდესაც პრეზიდენტს გამოუგზავნა წერილი, ამ წერილში პირდაპირაა მითითებული, რომ პრეზიდენტს შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი. ის არის უფლებამოსილი გამოცხადდეს წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ შესაძლოა, ჰყავდეს წარმომადგენელიც, რომელიც იმავდროულად, არ გულისხმობს ასევე პრეზიდენტის ყოფნას სხდომის დარბაზში.

აქედან გამომდინარე, სასამართლოსაც ეს მიზანშეწონილად მიაჩნია და საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებითაც, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნამდვილად არაა აუცილებლობა, დღეს და ხვალ პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ, რამეთუ ჩვენ, მისი წარმომადგენლები სრულად წარმოვადგენთ მის ინტერესებს", - განაცხადა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. 

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.


close დახურვა