logo
ENG



ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა - როგორ შეაღწია ე.წ. კლანმა უმაღლეს ინსტანციაში

25 ივნ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

მერაბ ტურავა 5 წლის ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქნება. ის 4 მოსამართლემ - მანანა კობახიძემ, ხვიჩა კიკილაშვილმა, ვასილ როინიშვილმა და ევა გოცირიძემ აირჩიეს. მეხუთე და გადამწყვეტი ხმა, ტურავამ საკუთარ კანდიდატურას თავად მისცა. ის სასამართლოში არსებულ ე.წ. სასამართლო კლანზე არ საუბრობს. ამბობს, რომ ეს არასწორი შეფასებაა.

მერაბ ტურავას კონკურენტი ირინა იმერლიშვილი იყო, რომელმაც პლენუმზე 4 ხმა მიიღო. იმერლიშვილი ამბობს, რომ შედეგები მოსალოდნელი იყო, თუმცა, მისი კანდიდატურის დაყენებით, სასამართლოში ის მოსამართლეები გაერთიანდნენ, რომლებიც ტურავას არჩევას არ ეთანხმებოდნენ.​ ტურავა კანდიდატად ხვიჩა კიკილაშვილმა და ვასილ როინიშვილმა წარადგინეს. ორივე მოსამართლე პანდემიის პერიოდში გამწესდა. მათი გამწესება 15 წუთში მოხდა და პროცესი გაუმჭვირვალე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დროს გადამწყვეტი ხმა მანანა კობახიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ირინა იმერლიშვილის ახლო მეგობარია, თუმცა „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მისი ხმა ე.წ. კლანმა ტურავას სასარგებლოდ იყიდა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მისი ძმის თედო კობახიძის გამწესების სანაცვლოდ.

ირინა იმერლიშვილის მხარდამჭერ მოსამართლეებს შორის იყო გიორგი კვერენჩხილაძეც. გაძლიერდება თუ არა კლანის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოში ტურავას არჩევით, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ის ამ გავლენის ქვეშ არ ექცევა.

საკონსტიტუციო სასმართლოში პლენუმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მერაბ ტურავას შესაძლო არჩევა მოძრაობა ლელომ გააპროტესტა. მათი განცხადებით, ტურავას არჩევით კლანი სასმართლოში გაძლიერდა.

„კლანი უკვე სასამართლოშია“ - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. სულხან სალაძის განცხადებით, სასამართლოს ის რგოლი, სადაც გავლენიან მოსამართლეთა ერთობა უფრო სუსტი, იყო ახლა ძალებს მოიკრებს. 

შეგახსენებთ, მერაბ ტურავამ აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა თავაძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.


close დახურვა