საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება.
მისივე თქმით, სარჩელების განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
"ეს სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. [...] სარჩელები არა მარტო უნდა წავიკითხოთ და კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, ასევე შედარებით სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთ თვემდე მაინც დასჭირდება. სარჩელი განიხილება პლენუმის ფორმატში, მოსამართლეები ამ ეტაპზე სწავლობენ სარჩელებს, მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს", - ამბობს მერაბ ტურავა.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შეიტანა. სარჩელს 38 დეპუტატი აწერს ხელს.
ოპოზიცია რუსული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს. ასევე, მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.