უამინდობის გამო, თბილისში პრობლემები შეიქმნა. დედაქალაქის რამდენიმე უბანში ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს.
მძღოლები აცხადებენ, რომ გზებზე არ არის დაყრილი საკმარისი მარილი.
პარალელურად, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით.
„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდინაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით“, – ამბობს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია.