logo
ENG



უგულავა: ამ კვირაში დაიწყება რეგიონალური გასვლები, 15 მაისის აქცია ძალაშია

13 აპრ 202119:58
3 წუთის საკითხავი
clock 1051
ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ მოლაპარაკებები კიდევ უფრო გართულდება. ლელოს ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეკრების შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი შეხვედრა 15 მაისს დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდა.

"ამ კვირაში დაიწყება რეგიონალური გასვლები. 15 მაისი ძალაშია, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკების პარალელურად, რა ტკივილიც აქვს საზოგადოებას, არსად წასულა, არსად გამქრალა, პირიქით, მატულობს, სულ უფრო და უფრო დამუხტული ხდება", - ამბობს ის. 

დღეს, 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა