ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და ამბობს, რომ გუშინდელმა დღემ საზოგადოების სიბრაზე ნათლად წარმოაჩინა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ერთპარტიული პარლამენტი მალევე ჩამოიშლება.
"ვნახეთ ფანტასმაგორიული არითმეტიკა გუშინ. ვნახეთ ბოლოში პრაქტიკულად ამ არჩევნების სიმბოლო. 118 და 164 პროცენტი, რომელიც ცესკოს საიტზე დაიწერა გამარჯვებული გვარების გვერდით - ეს სიმბოლურია, რადგან სწორედ ასეთი არჩევნები იყო, რომელიც გააფორმა ქართული საზოგადოების ბრაზი და მიუღებლობა, ვნახეთ, რომ ცოტა ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ასევე, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დიდი ხანი ვერ გაძლებს და ჩამოიშლება, იმიტომ რომ საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.
ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალანსებელი ოქმიც.
ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.