ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში ნიუსრუმი განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ჰქონდა და შეჯერდნენ, რომ ახლა პლებისციტზე დამუნათება არასწორია. უგულავას თქმით, საკითხის იმგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინა ივანიშვილის თამაშია - არასწორია. სააკაშვილმა გუშინ, 4 მარტს ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს.
უგულავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მაგრამ პლებისციტიც გამარჯვებაა და მას ბევრი პლიუსი აქვს.
"მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, თუნდაც, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია - საკითხის ასე დაყენება არასწორია. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა პლებისციტი. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვება არის ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს", - აცხადებს უგულავა.
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.