logo
ENG



უგულავა: ოცნება ჯერჯერობით მხოლოდ ცესკო-ს რეფორმაზე საუბრობს, ეს ვითარებას ვერ განმუხტავს

07 დეკ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში კომენტარი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ოთხ პუნქტიან შეთავაზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან რომელიმე პირობის ამოკლების შემთხვევაში, შეთანხმება ვერ შედგება.

მისი თქმით, ორი ვარიანტი შეთავაზების მხოლოდ ერთ პუნქტს აქვს, რომელიც რიგგარეშე არჩევნების ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.

"ჩვენი შეთავაზება მოიცავს ოთხ პუნქტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პუნქტებიდან შეიძლება რაიმე ამოვარდეს. მხოლოდ 1 პუნქტს აქვს ორი ვარიანტი - რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი არჩევნების შესახებ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ცესკო-ს რეფორმას, ეს არის საკითხები, რომელთა მოკლებაც ნიშნავს პირობის დარღვევას. მარტივად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები თამარ ჟვანიას პირობებში არ ჩატარდება, ამას არ დავთანხმდებით, ისევე როგორც მარტო ცესკო-ს რეფორმას რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აუცილებელი წინაპირობაა, თუ გვინდა ვირწმუნოთ, რომ ოდნავ მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ტარდება არჩევნები", - განაცხადა უგულავამ.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მხოლოდ ცესკო-ს რეფორმის შეთავაზება ვერ იქნება ის, რის გამოც ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს.

"ისინი ჯერჯერობთ საუბრობენ მხოლოდ ცესკო-ს რეფორმაზე. ეს სიტუაციას ვერ განმუხტავს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ჩვენი აზრი, მარტო ცესკო-ს რეფორმა არ არის ის, რის გამოც ბოიკოტი შეწყდება. ეს პარლამენტი არ და ვერ გაპრავდება მხოლოდ ცესკო-ს რეფორმით. კლასიკური რუსული მეთოდი - 'მოდი ბიჭებო თქვენ ახლა ეს გადაყლაპეთ და მე რაღაც რეფორმას მოგიგდებთ'- არ გამოვა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობს. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა