logo
ENG



უგულავა: რურუამ მორალურად გაგვიხსნა ხელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვისარგებლოთ

24 ივნ 202021:42
3 წუთის საკითხავი
clock 1271

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ სწორად იქცევა, როდესაც ხმას არ აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უგულავამ „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას წერილის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

„გიორგი რურუამ მორალურად გაგვიხსნა ხელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვისარგებლოთ. ეს არ იქნება სწორი, მათ შორის გიორგისთვის. მადლობას ვეუბნები ამ დიდსულოვნებისთვის. ეს ადამიანი საკანში ზის მარტო და ბევრ რამეზე ფიქრობს. ადამიანი მარტო რომ ზიხარ ციხეში, ათას სიგიჟეზე ფიქრობ. პოლიტიკურად სწორი, მათ შორის 8 მარტის შესრულებისთვის არის ის, როგორც ვიქცევით. როცა დასაზღვევი იყო, დავაზღვიეთ. ახლა კეთილი ინებოს და გაიტანოს ოცნებამ ბოლომდე“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. რურუას თქმით, მისი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია ამ ეტაპზე.

 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

 

 


close დახურვა