logo
ENG



უგულავა: ყველა შესასვლელთან იქნება პიკეტი, ეს არის მშვიდობიანი აქცია

02 მარ 202109:30
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტისთვის ემზადებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. პარლამენტის შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. როგორც ფორმულას ევროპული საქართველოს წევრმა გიგი უგულავამ განუცხადა, ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებიც მმართველ გუნდს შეახსენებენ, რომ პარლამენტი ერთპარტიულია და ძალაუფლება უზურპირებულია.

უგულავას განცხადებით, კრიზისი სახეზეა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. უგულავას თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"პროცესები მშვიდობიანად გაგრძელდება, ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შესასვლელთან იქნება პიკეტი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ დეპუტატებს, რომ პარლამენტი ერთპარტიულია და ძალაუფლება უზურპირებულია, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეში არიან და გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებშია. გუშინ ვნახეთ, რომ თამასა სხვა დონეზე გავიდა. ვადებიც მეტ-ნაკლებად ხელისუფლებისთვის არის განსაზღვრული. ჩვენ ჩვენ თავს ვადებს ნუ დავუწესებთ, ბრძოლა შეიძლება, მომქანცველი იყოს. ხელისუფლებას, კარგი გაგებით, მხოლოდ იძულების ენა ესმის. ეს ყველაფერი სამართლიანია და გაგრძელდება, სანამ ლეგიტიმური მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული", - აცხადებს უგულავა.

ლელოს წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ოპოზიცია კანონის ჩარჩოებიდან არასდროს გავა. მისი თქმით, მიუხედავად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ჩარჩო საკითხებისა და მმართველ გუნდთან დიალოგის აღდგენისა, ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

"დღეს გვაქვს მჯდომარე აქცია, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება. კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვართ, რომელიც კანონის ჩარჩოებიდან არასდროს გადის. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდი მიღწევა იყო, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და საქმეს მივიყვანთ ბოლომდე", - აცხადებს გალდავა.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტისთვის ემზადებიან. ისინი, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გამოშვებას ითხოვენ.

 


close დახურვა