ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ხუთშაბათს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ. ამით ისინი საშემოდგომო სესიის დახურვის სხდომის ჩაშლას შეეცდებიან. უკვე პარასკევს ოპოზიციის ლიდერები საერთაშორისო მეგობრებთან ერთად მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს გამართავენ.
გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლებასთან კონსესუსის მიღწევის დიდი მოლოდინი არ აქვს, ამიტომაც საპროტესტო ტალღა ამჯერად რეგიონებში გადაინაცვლებს და შაბათ-კვირას აქციები გაიმართება.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია შაბათსა და კვირას მანიფესტაციებს გაამრთავს ზუგდიდსა და ბათუმში.
„ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდია ჩანიშნული ამ წელს. ჩვენ ველით, რომ თუ მოვიდა გონს უმრავლესობა შემხვედრი წინადადებით მოვიდეს. შემდეგ შაბათსა და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“, - განაცხადა უგულავამ.
„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციას არ სურს სიტუაციის გამწვავება.
„პიკეტირება არის კანონიერი. ჩვენ სხვადასხვა ფორმით პიკეტირებას შევუერთდებით. მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ არ გვინდა გავამწვავოთ სიტუაცია, ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე სამი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება. მესამე შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობა შესთავაზა, რაზეც მმართველმა გუნდმა შიდა კონსულტაციებისთვის ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.