logo
ENG



უგულავა - 41-ის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი 5 ოპოზიციისთვის კარგად არ დამთავრებულა

27 ივლ 202018:39
3 წუთის საკითხავი
 
03s2qi74y95d2h7.jpg

 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი ყავდეს. ამასთან, მისივე თქმით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის პირისპირ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დარჩენა ოპოზიციისთვის სასარგებლოდ არ მთავრდება.

რეგიონებში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებზე გიგი უგულავამ ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

როგორც უგულავა ამბობს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა კობა ნაყოფიამ მას უთხრა, რომ პარტია რეგიონებში, 22-ვე ოლქში, მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ევროპული საქართველოს გენმდივანს მიაჩნია, რომ პირველ ტურში რაც შეიძლება მეტი გამარჯვებული ოპოზიციის კანდიდატი, უმნიშვნელოვანესია:

„უმნიშვნელოვანესია, რომ პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციის მხარეს, რაც შეიძლება, მეტი მაჟორიტარი იყოს გამარჯვებული. 8 წლის განმავლობაში ოპოზიციას რეალური გამარჯვება არ მოუპოვებია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი შეჯერებული კანდიდატი იყოს. ჩვენი წინადადებები იყო შეთანხმებისკენ მიმართული. მზად ვიყავით, უფრო რაიონული ცენტრები აგვეღო, მაგალითად გურჯაანი და მათთვის დაგვეთმო მაგალითად, თელავი. ჩვენ ამას ოპტიმალური შედეგის კონტექტში განვიხილავთ. იმ კონტექსტში, რომ რაც შეიძლება მეტი გამარჯვებული მაჟორიტარი იყოს“, - თქვა უგულავამ.

მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისს გარეთაც უნდა წარმოადგინონ ერთიანი ძლიერი კანდიდატები.

„ჯერჯერობით 2016 და 2018 წლების გამოცდილება გვკარნახობს, რომ 41-ის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი 5-იანი არ დამთავრებულა ოპოზიციისთვის სასარგებლოდ. ამიტომ, მარტივი გამოსავალი - თუ ქალბატონმა ხატიამ (დეკანოიძემ) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ამას მხოლოდ მივესალმები. აქ არავინაა ჩაჯინებული. საზოგადოების დაკვეთაა ერთიანობა და ეს ოპოზიციაში ყველას კარგად ესმის. პარტიული ეგო ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ. ხაზგასმით მინდა, ნაციონალურ მოძრაობას მადლობა გადავუხადო, რადგან ყველანაირი შეთანხმების, საერთო ოპოზიციური თანხმობის საფუძვლად ვხედავ თბილისის შეთანხმებას, სადაც ისინი მონაწილეობენ. დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისს გარეთ უნდა შევქმნათ ერთიანი ძლიერი, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი“, - განაცხადა უგულავამ. 

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს დათქმა, რომ მეორე ტურში გამარჯვებულ ოპოზიციურ კანდიდატს სრულფასოვანად დაუჭერენ მხარს.

დღეს, 27 ივლისს, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა თბილისს გარეთ 22-ივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს აყენებს და მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეჯერდნენ საერთო კანდიდატებზე.

თბილისის 6 ოლქში მიღწეული შეთანხმება საერთო კანდიდატების შესახებ, რომელშიც ენმ-ც მონაწილეობს, ძალაში რჩება.


close დახურვა