ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფორმულას გადაცემაში კომენტარი მანდლობას უხდის ელჩებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობისთვის და იქვე აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, არამედ ქართველი ხალხი იღებს:
"ჩვენ აბსოლუტურად მადლიერი ვართ მათი, იმიტომ, რომ გვყავს აბსოლუტურად უტვინო ხელისუფლება, რომელსაც გაცნობიერებული არ აქვს, რომ ამ პროცესში ელჩები არ უნდა მონაწილეობდნენ. ეს ძალიან უმადური საქმეა, ვნახეთ ელჩების მიმართ კრიტიკაც და მე მადლობა უნდა ვუთხრა მათ. ამავე დროს, მკაფიოდ მინდა, ვუთხრა, რომ გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ, გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ეს მათ კარგად იციან.
როდესაც სიყალბეზეა ლაპარაკი, ჩემი არჩევანია, მივიღებ თუ არა ამაში მონაწილეობს და ეს დედამიწაზე არც ერთ სახელმწიფოს არ ეხება, ეს ეხება იმათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. იმ შეფასებებში ვერ დავეთანხმები ელჩებს, რომ ინსტიტუტების პატივისცემა მაშინ შეიძლება, როდესაც შიგნიდან იბრძვი. არა, არის მომენტები, როდესაც სიყალბე მკაფიო რეაგირება მოითხოვს. სიყალბეში მონაწილეობა ნიშნავს ამ სიყალბეში ყოფნას... სანამ ეს რაუნდები ემსახურება პარლამენტში შეთრევას, არის შეურაცხმყოფელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. გინდა იყო ელჩი, გინდა იყოს რომელიმე პარტნიორი სახელმწიფო",-განაცხადა უგულავამ.
პოლიტიკური კრიზისისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მათსა და ხელისუფლებას შორის ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.
ოპოზიციურმა პარტიების უმეტესობამ საარჩევნო სიები გააუქმა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც დეგნანთან ერთად შუამავლობს მოლაპარაკებების პროცესს, 19 დეკემბერს განაცხადა, რომ შეთანხმებისთვის სივრცე თანდათანობით იხურებოდა.
ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს შორისაა ახალი არჩევნები ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ხელისუფლება ამ დრომდე მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ნაწილში გამოხატავს კონსენსუსისთვის მზაობას.