logo
ENG



უგულავა სუბარზე: მოშიმშილეზე ქირქილი და დაცინვა რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის

22 დეკ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა სუბარზე: მოშიმშილეზე ქირქილი და დაცინვა რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის

გიგი უგულავას თქმით, არ ესმის, "რა ადამიანობაში ჯდება მოშიმშილე ადამიანებზე ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება". 

ის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებზე თქვა: 

"მაკდონალდსის გვერდით შიმშილობა მოუწევთ. თუ მაინც მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მაკდონალდსის ჰამბურგერებს მიირთმევენ". 

"განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს. ჩემთვის პერსონალურად სამწუხაროა, თავის დროზე ეს რომ ომბუდსმენი გახდა, მე მხარი მაქვს დაჭერილი და ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი. უნდა ვაღიარო, ადამიანურად შევცდი, თორემ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც იკადრო, რაც არ უნდა გეზიზღებოდეს. ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე და შენი პოლიტიკური მესიჯი თქვი. ასეთი რამ ველურობის მანიშნებელია". - თქვა გიგი უგულავამ. 

მისი განცხადებით, ოპოზიცია, ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ და მშვიდად ხვდება "ასეთ პროცესებს". 

"რაც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, ვხედავთ, რომ პროცესი მაინც დაძრულია. ჩვენ ვნახეთ ოცნებას უნდოდა მიხეილ სააკაშვილი რიგით პატიმრად წარმოეჩინა, ვერ გააკეთა. შემდეგ ათასი ტყუილი იყო მასთან დაკავშირებით და მაინც ფარდა აეხადა. ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და არც ავად არის, ჩვენ ვნახეთ საპირისპირო.

მერე თვითონ მოუწიათ კონსილიუმის შექმნა და განცხადებების გაკეთება.

ვნახეთ, პროცესში როგორ არაადამიანურად და სამწუხაროდ გამოიყურება ქართული ოცნება, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიდის. მიუხედავად ბევრი გამოთქმული სკეპტიკური მოსაზრებისა, იმედის თვალით ვუყურებთ იმ მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წამოიწყო. დანარჩენი, პროტესტი არის მწვავე, მოითხოვს ყურადღებას და პროტესტს ექნება ყურადღება". - თქვა უგულავამ. 

გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა გაგრძელდება უვადოდ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე.


close დახურვა