logo
ENG



უგულავასა და გაბაშვილზე თავდამსხმელი ბადრი გავაშელიშვილი აქტიური პროვოკატორი აღმოჩნდა

12 დეკ 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
2tiyll3wrgm9z3j.jpg

"ფორმულამ" ექსკლუზიურად გაარკვია ახალი დეტალები ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის შესახებ. სპორტსმენი, რომელიც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა და თავად უჩივის ცემის ფაქტზე ოპოზიციის ლიდერს, დაახლოებით ერთი თვის წინ საპროტესტო აქციაზე პროვოკატორთან ერთად იმყოფებოდა. გავაშელიშვილი იმ ინციდენტში მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცველების ჩარევით განიმუხტა. 16 ნოემბერს ღამე ის თან ახლდა პირს, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მოპედით შეიჭრა და მონაწილეებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ გავაშელიშვილი სუს-ის ზონდერებთან ერთად იმყოფებოდა და თავდასხმაც უგულავა-გაბაშვილზეც სწორედ ხელისუფლების ორგანიზებულია. 

კადრები, რომელიც "ფორმულამ" მოიპოვა, სამი კვირის წინ პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. ვიდეოში ჩანს, რომ ძიუდოისტი საბა გავაშელიშვილი თან ახლდა პროვოკატორს, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მოპედით შეიჭრა და პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს დაუპირისპირდა. გავაშელიშვილი სწორედ ის სპორტსმენია, რომელიც აეროპორტში გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა. შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერს ცემისთვის თავად უჩივლა.

"ფორმულას" მოკვლეული ვიდეო, სადაც გავაშელიშვილი პროვოკატორთან ერთად აქციის მონაწილეებს უპირისპირდება, "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ უგულავას "ქართული ოცნება" გაუსწორდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომელმაც ძიუდოისტი 16 ნოემბერს აქციაზე სუს-ის პროვოკატორებთან ერთად ნახა. ის დარწმუნებულია, რომ 10-მდე აქტივისტი პარლამენტთან მაშინ "ქართულმა ოცნებამ" მიიყვანა, მათ შორის საბა გავაშელიშვილიც.  

"ფორმულამ" გავაშელიშვილის საცხოვრებელ სახლსაც მიაკვლია,თუმცა ერისთავის ქუჩაზე  კამერის დანახვისთანავე საბა გავაშელიშვილის სახლის კარი ჩაკეტეს. ძიუდოისტი კამერებს დაემალა. 

რა მიზეზით აღძრეს გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმე ძიუდოსიტზე ძალადობის ბრალდებით, როდესაც ის თვითონაა დაზარალებული, ამ კითხვაზე საქმის პროკურორს პასუხი უჭირს. ის ამბობს,რომ არ აქვს მტკიცებულებები უგულავას ფიზიკური დაზიანების შესახებ, ინციდენტის ამსახველი კადრების ამოღებას კი მისი თქმით, მუხლი,რომლითაც საქმეა აღძრული არ ითვალისწინებს.

პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველი, რომელიც "ფორმულამ" ჩაწერა. ის ყვება,რომ ევროპული საქართველოს წევრებს პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდნენ
"ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ შეფასებებს გაურბიან და აცხადებენ, რომ არც საქმეს იცნობენ და არც ძიუდოისტს.

შეგახსენებთ, ფიზიკური დაპირისპირება თბილისის აეროპორტში გუშინ დილით მოხდა. დაკითხვიდან გამოსულ უგულავას ბრალი გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლში წარუდგინეს. მასთან ერთად ბრალდებულია ძიუდოისტის მეგობარი დავით პარკაძე. ის ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილეა. ძიუდოისტს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მასთან ერთად დაზარალებულად ცნეს ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილიც.   


close დახურვა