კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს.
ილიჩოვა წერს, რომ მას და ივერი მელაშვილს ცილი დასწამეს და ისინი უდანაშაულოები არიან. კარტოგრაფი ამბობს, რომ თავიანთ უდანაშაულობას ის და მისი დაკავებული კოლეგა აუცილებლად დაამტკიცებენ.
"პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს, უამრავი წერილი მივიღე, სადაც მხარდაჭერას გვიცხადებენ, ეს ჩემთვის ძალიან ფასეულია. ამ მძიმე დღეებში სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხზე წამოვდექი, ძალა მოვიკრიფე და მზად ვარ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლო. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემს უკან რკინის კარი დაიხურა, და მივხვდი, რომ მძიმე წუთები იწყებოდა. ამას შემდეგ ყოველ დღე ველოდებოდი, რომ კარები ისევ გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდნენ იმ მძიმე ბრალდების გამო, რითაც ერთ წამში წაშალეს მთელი ჩემი ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რაც ჩემს პროფესიას და სამსახურს შევალიე. ცხოვრების შეგნებულ ნაწილს როდესაც სამსახურში ატარებ, მთელ შენს ცოდნას და გამოცდილებას დებ, იმაზე მეტი ხდება ვიდრე უბრალოდ სამსახურია. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ამ ქვეყნის და პროფესიის ღალატი დამწამეს. ჩვენ უდანაშაულო ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ", - წერს ნატალია ილიჩოვა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.