logo
ENG



უდუმაშვილი: დეპუტატები ხელს მოაწერენ განცხადებას და უარს იტყვიან მანდატზე

28 ნოე 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებას მოაწერენ ხელს და ოფიციალურად იტყვიან უარს სადეპუტატო მანდატზე.

"პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს და ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს ამ მონაცემებით გასულია პარლამენტში ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე. ეს იქნება ჩვენი აქცია, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება",-თქვა უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. 


close დახურვა