logo
ENG



უდუმაშვილი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება

19 ივნ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. ცვლილებების ჩავარდნას ოპოზიცია დიდი ხანია აანონსებს, რადგან 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ამაზე პასუხისმგებელი იქნება ქართული ოცნება. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ამაზე პასუხისმგებელი იქნება "ქართული ოცნება", რომელმაც არ შეასრულა შეთანხმება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომ ყველას პარლამენტში, ოპოზიციას ვგულისხმობ, ამ ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირა. დრო კიდევ არის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ მზად ვართ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხდა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლია. მისივე თქმით, ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და გიორგი რურუას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას ელოდება.

„მათ ჰყოფნით ხმები იმისთვის, რომ მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები. მოველით 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, რაც მათ შორის გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლებასაც. ის, რომ გაცემული სიტყვა არ შეასრულო და საკუთარ პირობას პატივი არ სცე, ეს ქართული საზოგადოების ცნობიერებაში "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაამტკიცა. სიურპრიზები შესაძლოა ნებისმიერი იყოს“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.


close დახურვა