ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის აღდგენა მხოლოდ მისი ძირეული რეფორმით არის შესაძლებელი.
როგორც მან ფორმულას ეთერში განაცხადა, ახალი არჩევნები იქნება ახალი ადმინისტრაციის ტესტი, ამ ფორმით კი ქვეყანა "მოჯადოებულ წრეს გაარღვევს".
"მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და საზოგადოება 30 წელია ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე დადის. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ არჩევნების ისეთი მოდელი, სადაც არ დაისმევა ზედმეტი კითხვები.
ყველა არჩევნები მთავრდება იმით, რომ დამარცხებული ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები, გამარჯვებული ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იყო, ეს მოჯადოებული წრე შეგვიძლია გავარღვიოთ იმით, რომ ნდობა აღვადგინოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ეს შეიძლება მხოლოდ იმ ძირეული რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაწერილი და რა თქმა უნდა, ამის მთავარი ტესტი იქნება ახალი არჩევნები ქვეყანაში, რამდენად სწორად და გამჭვირვალედ ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია არჩევნებს", - თქვა უდუმაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობს.
ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.
წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.
ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მმართელი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.