logo
ENG



უდუმაშვილი გომურზე:დაზარალებული სტატუსი კი არ მიანიჭეს, იძულებულები გახდნენ, რომ მიენიჭებინათ

12 ნოე 201908:19
3 წუთის საკითხავი
 
4q7ru35qno78i8m.jpg

მაკო გომური დაზარალებულია. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება თითქმის ხუთი თვის შემდეგ მიიღო. დაზარალებულის სტატუსი კიდევ ორ პირს - ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანსაც მიანიჭათ. რაც შეეხება სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურა განმარტავს, გამოძიება გრძელდება და საზოგადოებას პროცესის პარალელურად მიეწოდება ინფორმაცია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“, ზაალ უდუმაშვილის, თქმით ხელისუფლება იძულებული გახდა გომურისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ, ვინაიდან ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება.

„დაზარალებული სტატუსი კი არ მიანიჭეს, იძულებულები გახდნენ, რომ მიენიჭებინათ, ვინაიდან უკვე 4 თვე გავიდა, რაც ზოგადად სამოქალაქო სექტორი, იურისტები და თავად მაკო გომური მთელი საზოგადოება ითხოვს, რომ 20 ივნისის დაზარალებულებისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ დაზარალებულის სტატუსი ერთია და მეორე არის სადამდე მივა გამოძიება და რამდენად დადგინდება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მაკო გომური და სხვები დააზარალა ასე მძიმედ, ჩვენ როგორც ვხედავთ დღეს ხელისუფლება არ აპირებს არცერთი დამნაშავის დასჯას“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით პროკურატურის ამოცანაა გავრილოვის ღამეს რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ცნოს დაზარალებულად, ვინაიდან 20 ივნისის ღამე შეფასდეს არა როგორც სასტიკ დარბევად, არამედ რაღაცის მოგერიების ღამედ.

„5 თვის თავზე ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ არა იმაზე, რომ მაკო გომური თურმე დაზარალებულია და სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, რომ მისთვის ამოეთხარა თვალი, არამედ უნდა ვსაუბრობდეთ თუ ვინ მიეცა პასუხისგებაში ამ დანაშაულებისთის. პროკურატურის ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაზარალებული იყოს, ვინაიდან მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა, რადგან გავრილოვის ღამე იყოს არა სასტიკი დარბევის და ძალის უსამართლოდ გამოყენების ღამე, არამედ რაღაცის მოგერიების ღამე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა