logo
ENG



უდუმაშვილი ვაშაძეზე: შესაძლოა, ჰქონდა კომუნიკაცია პარტნიორებთან, დაზუსტებით არ ვიცი

12 ნოე 202012:15
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/7ixg534etvwbzit.jpg

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის ჩაშლაზე მისივე თანაგუნდელის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "დეტალების საქმის კურსში არაა". მისი ვარაუდით, შესაძლოა პარტიის თავმჯდომარეს საერთაშორისო პარტნიორებთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა "დაზუსტებით არაფერი იცის".

უდუმაშვილის თქმით, ვაშაძისა და პარტიის პოზიცია ერთამენთთან სრულ თანხვედრაშია. იგი ვაშაძეს ეთანხმება იმ ნაწილშიც, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები ძალაში დარჩება.

"მე არ ვარ საქმის კურსში ამ დეტალების, რაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. დიახ,  არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და დიალოგი, რა თქმა უნდა, ის ცივილური ფორმაა, რითაც უნდა წავიდეს ეს ქვეყანა, მაგრამ გააჩნია, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად და გამარჯობის სათქმელად ვსხდებით, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს. თუ ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ამ დიალოგს აზრი აქვს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ პირობით მივდივართ ჩვენ დიალოგზე.

შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ვითარება სპონტანურად ვითარდებოდა. მე ახლა ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებით არ ვიცი, რადგან ბატონ გრიგოლთან არ მქონია ამ თემაზე კომუნიკაცია", - თქვა ზაალ უდუმაშილმა. 

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე არის დამოუკიდებელი პიროვება და პოლიტიკოსი. შესაბამისად, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მის თანამდებობას პარტიაში, უდუმაშვილის თქმით, გრიგოლ ვაძაშე რჩება პარტიის თავმჯდომარედ.

"ბატონი გრიგოლის პოზიცია და პარტიის პოზიცია სრულ თანხვედრაშია. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ესაა რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა გრიგოლმა, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამავდროულად დიალოგი გამოსავალია. აქციებია ჩვენი გეგმის ძირითადი ნაწილი, რადგან ხელისუფლებათან სასაუბროდ სხვა ფორმატი, სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია... გრიგოლი რჩება პარტიის თავმჯდომარედ", - აღნიშნა უდუმაშვილმა.

გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა.

რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა. 

პირველ განცხადებაში ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა. 

განცხადებაში ის ამბობდა, რომ აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.

 


close დახურვა