logo
ENG



უდუმაშვილი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე: ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი

16 თებ 202115:57
3 წუთის საკითხავი
 
უდუმაშვილი მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე: ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი

"ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გაებედა და რაღაც წინააღმდეგობა გაეწია, მორჩილად მიაჭირეს ხელი ღილაკებს", - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის მიერ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

მისი თქმით, იმუნიტეტის მოხსნა ჯერჯერობით იმას არ ნიშნავს, რომ მელიას დააპატიმრებენ.

"ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ გაებედა და რაღაც წინააღმდეგობა გაეწია, ასე, მორჩილად მიაჭირეს ხელი ამ ღილაკებს და საბოლოო ჯამში, უკვე მეორედ დავინახეთ, რომ ერთი და იგივე სცენარით მიდის ქართული ოცნება. ის, რომ იმუნიტეტი მოეხსნა, ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას დააპატიმრებენ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ მელიას მაინც დააპატიმრებენ, უდუმაშვილმა თქვა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

"ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, მათი საქმეა მაგრამ მგონი, აქამდე არ მივა საქმე. ალბათ, სასამართლოს გზით შეეცდებიან, ეს საკითხი სხვა მიმართულებით წაიყვანონ, რომ შედარებით ნაკლები ზიანით გამოძვრნენ ამ ვითარებიდან. მაგალითად, გაითამაშონ, როგორი დამოუკიდებელია დღეს სასამართლო", - განაცხადა უდუმაშვილმა.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. პლენარული სხდომის შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს.


close დახურვა