logo
ENG



უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: მე ჩავთვალე, რომ ჩემი ღირსება უნდა დამეცვა

04 ნოე 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
2wltl0c57c61213.png

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგი კანდიდატის მოსმენა გაიმართა. მცირე შელაპარაკება გამოიწვია სხდომაზე ოპოზიციის მიერ ქადაგიძის მისამართით დასმულმა შეკითხვამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის შესახებ. სხდომაზე გენერალური პროკურორის დიპლომის თემა კვლავ აქტუალური იყო.

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას კითხვაზე, როგორ შეიძლება კრიტიკამ ხელყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ნინო ქადაგიძემ უპასუხა, რომ კრიტიკა ვერასდროს ხელყოფს მის დამოუკიდებლობას. 

„კრიტიკა ვერცერთ ეტაპზე სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ შელახავს. მაგრამ წავიდა სერიოზული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც განაპირობებდა იუსტიციის საბჭოს დათხოვნას,“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. 

რომან გოცირიძემ რიგით მე-16 კანდიდატს კითხვა ე.წ. კლანისა და არაფორმალური მმართველობის შესახებ დაუსვა. რაზეც ნინო ქადაგიძემ უპასუხა, რომ მისთვის მეორედ კანდიდატურის დაყენება არავის უთხოვია.

„ჩემი გადასაწყვეტი იყო კანდიდატურის დაყენება. მე ჩავთვალე, რომ ჩემი ღირსება უნდა დამეცვა. მინდოდა საზოგადოებისთვის დამენახებინა, რომ ნამდვილად არ ვარ ის უღირსი ადამიანი, ვისაც ვერ ექნება პრეტენზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე,“ - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

ნინო ქადაგიძე რიგით მეთექვსმეტეა, რომლის კანდიდატურაც საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველი 20 კანდიდატია.


close დახურვა