logo
ENG



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს სამოქალაქო სექტორი უარყოფითად აფასებს

12 ოქტ 201920:10
3 წუთის საკითხავი
 
x6bp61ugryxzex5.png

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10-ის  გასაუბრების სამკვირიანი პროცესი უკვე დასრულდა და უახლოეს დღეებში  კენჭისყრის დღე დაინიშნება.

გასაუბრების სამკვირიანმა ხმაურიანმა პროცესმა და კანდიდატების მიერ პასუხგაცემულმა ასობით შეკითხვამ, სამოქალაქო სექტორის ნაწილს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა. სექტორი დარწმუნებულია, რომ თუ პარლამეტში წარმოდგენილი 20 კაციანი სია გაიმარჯვებს, ქართული მართლმსაჯულება დამარცხდება.

როგორც მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში „ფორმულასთან“ განმარტავს,  პოლიტიკურმა გარიგებებმა კონკრეტული სახელები და გვარები მხოლოდ ფორმალობად აქცია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე უზენაესი სასამრთლოსთან მიმართებით არ აკეთებს კარგ არჩევანს. მეტიც, ძალიან ცუდ არჩევანს აკეთებს, რადგან ასარჩევი პრაქტიკულად არაფერია. კარგია ის, რომ პროცესი გამჭირვალეა და ღიად ვუყურებთ მოვლენებს. ვაკეთებთ დასკვნებს, მაგრამ სერიოზული შეცდომები დავუშვით სასამართლოსთან მიმართებით; არჩევის ვადებთან დაკავშირებით, კლანური ტენდენციები, პოლიტიკის ჩახუტება მმართველ ნაწილთან და რაც იყო წინა შეცდომები,ხდება იგივეს გამეორება. ეს არაა სამართლიანი სახელწმიფოსკენ გადადგმული ნაბიჯი,“- აცხადებს ლაშა ტუღუში.

აღსანიშნავია, რომ მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, კეთილსინდისიერება და კვალიფიკაციაა. თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებში დარწმუნებულები არიან, რომ გარკვეულ კანდიდატებს პოლიტიკური გარანტიები წინასწარ უკვე მიღებული აქვთ.

„ვხედავთ იმას, რომ სამწუხაროდ ძალიან დაბალია კანდიდატების კვალიფიკაცია. სამწუხაროდ, პრობლემურია მათი ეთიკური მხარე, წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც  გვაფიქრებინებს იმას, რომ ნორმალური კენჭისყრის პირობებში, ფაქტობრივად, ყველა მათგანს უნდა გაუჭირდეს უზენაეს სასამართლოში მოხვედრა,“- განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.   

შეგახსენებთ, რომ გასაუბრებების სერია პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება. დარჩენილია კიდევ 10 კანდიდატის გასაუბრება, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. მიქაუტაძეს სამოქალაქო სექტორში მოსამართლეების ე.წ. კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პირველ 10-კაციან სკანდალურ სიაშიც იყო, რომელიც ჩავარდა.

 


close დახურვა