logo
ENG



უზრუნველყავით მუხთარლის დაკითხვა და ეფექტიანი გამოძიების წარმოება - HRHT პროკურატურას მიმართავს

31 მარ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 
3o7sf4rv99tieyt.jpg

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აფგან მუხთარლის მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, დაკითხოს და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საქმის ეფექტიანად გამოძიება დაიწყოს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით ეხმიანება 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლის გათავისუფლების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმის ეფექტიანად გამოძიებისათვის აუცილებელია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აფგან მუხთარლის მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, დაკითხოს იგი და ახალი გარემოებების გათვალისწინებით დაიწყოს საქმის ეფექტიანად გამოძიება.

ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ზომები აღნიშნული საქმის გამო შელახული საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენის მიზნით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს აზერბაიჯანში. საჯაროდ მიცემულ ინტერვიუში მუხთარლიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი გატაცების ამბავი საქართველოში სახელმწიფო დონეზე იყო შეთანხმებული. ის ვარაუდობს, რომ დაგეგმილი გატაცების შესახებ იცოდნენ სასაზღვრო სამსახურში, უშიშროების სამსახურში და კრიმინალურ სამსახურშიც.

აფგანის ჩვენების მიხედვით, ის 2017 წლის 29 მაისს საქართველოში, ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა, ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის ციხეში აღმოჩნდა. 2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და საზღვარზე 10 000 ევროს კონტრაბანდულად გადატანა. 2018 წლის 24 აპრილს, აზერბაიჯანის შაქის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა.  2020 წლის 17 მარტს ჟურნალისტი აზერბაიჯანში პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ის გერმანიაში საკუთარ ოჯახთან გაემგზავრა.

 

აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიება საქართველოში თითქმის სამი წლის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოებს დაწყებული აქვთ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სხვადასხვა მიზეზების გამო გამოძიებამ ვერ მოახერხა ისეთი ობიექტური მტკიცებულებების შეგროვება საქმის გარშემო, როგორიცაა ვიდეო-ჩანაწერები თბილისიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე, სადაც აღბეჭდილი იქნება მუხთარლის ტრანსპორტირება.

გამოძიების მსვლელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს,[3] თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების შედეგად არ დამდგარა და დღემდე არ შესწავლილა სათანადოდ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა გატაცების საქმეში, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად.

ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ევროსასამართლოში აფგან მუხთარლის საქმეს  მიენიჭა პრიორიტეტი[4], რაც გულისხმობს რომ უახლოეს პერიოდში სასამართლომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოპასუხე სახელმწიფოების – საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით მოუწოდებს საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს:

აწარმოონ აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

მიენიჭოს აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი და დაკითხოს ის, რადგან მას შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მისი გატაცების უმნიშვნელოვანეს დეტალებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მედიის ინსტიტუტი; საფარი; საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).


close დახურვა