საქართველოს პროკურატურის მიერ უწყების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი გაუარესებულია. ამ ტენდენციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ანგარიში აჩვენებს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე პრობლემური საკითხები ადამიანის უფლებები და დანაშაულის პრევენციაა. IDFI-ის რეკომენდაციით, პროკურატურას მიზნების მისაღწევად სწორი სტრუქტურის ამბიციური სამოქმედო გეგმა სჭირდება.
IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროკურორების დამოუკიდებლობის საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს პროკურატურა.
„ანგარიშში მოხვდა ის საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებული იყო პროკურატურის სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ეს არის ორწლიანი საქმიანობის შედეგების მონიტორინგის ანგარიში და გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანი არის როგორც გამოწვევები პროკურატურაში არსებული დამოუკიდებლობის, როგორც შიდა ასევე გარე, დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. პროკურორების დამოუკიდებლობის საკითხი არის ერთ-ერთი გამოწვევა რომელსაც უნდა გაუმკლავდეს პროკურატურა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით თუ რამდენად უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე პროკურატურის საქმიანობა რამდენად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური პროკურორების საქმიანობის დამოუკიდებლობა,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.