სოფელ ტახტისძირში 15 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, რომელსაც მოსახლეობა სახნავ-სათესად იყენებდა, საოკუპაციო ზოლის მიღმა დარჩა. სოფლის განაპირას რუსი სამხედროები დღეს აღარ გამოჩენილან - ბანერების გამო კი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ვეღარ მიდის. ადგილობრივები თავს დაუცველად გრძნობენ.
ტერიტორია, რომელიც ოკუპანტებმა დამატებით მიიტაცეს, სოფლისთვის თავის რჩენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
საოკუპაციო ძალები გამოჩდნენ გორის რაიონშიც. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, დათა ვანიშვილის სახლიდან ძალის გამოყენებით, მისი შვილიშვილი და რძალი წაიყვანეს - „ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ისინი ცხინვალის საკარანტინო ზონაში იმყოფებიან.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ინფორმაციით, რუსი სამხედროები გააქტიურდნენ შიდა-ქართლის სხვა სოფლებშიც. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ თუ ხელისუფლება არ გააქტიურდება, მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება, წართმეული ტერიტორიების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რუსეთის ფედერაციას საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებენ საერთაშორისო პარტნიორები. ისინი რუსეთს დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად, სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებენ.
მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამოქმედებულია ცხელი ხაზი - სოფლებში კი სადაც, ბოლო ორი დღეა ოკუპანტების აქტიურობა შეინიშნება, გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები.